ტურიზმი საქართველოში

2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად ცხადდება

"აღმოაჩინე შენი კახეთი", - წელს ეს ერთი-ერთი მთავარი ტურისტული სლოგანი იქნება,  სასტუმრო "Holiday Inn"-ში კახეთის რეგიონის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა და ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. პრეზენტაციას დაესწრნენ ასევე კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურიზმის სექტორში მომუშავე კერძო კომპანიების წარმომადგენლები. მინისტრმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, სადაც კახეთის ტურისტულ პოტენციალსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც ვერა ქობალიამ განაცხადა, კახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და 2012 წელს მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება, მოხდება ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა: "კახეთი საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა შორის პოპულარობით მე-3 ადგილზეა და გვინდა, მათ უფრო მეტი ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ".
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს კახეთში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდება, შეიქმნება ახალი ტურისტული პროდუქტი.
უკვე შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი, მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია: კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი. ასევე შეიქმნა სლოგანი "Find Your Own Kakheti” ("აღმოაჩინე შენი კახეთი"). ამასთან, შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც ზოგადად რეგიონზე, ასევე გაეცნოს განახლებულ ამბებს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეიქმნა გვერდები ფეისბუქზე: “აღმოაჩინე შენი კახეთი“ და "ტურიზმი თელავში“. ასევე მომზადდა კახეთის ტურისტული გზამკვლევი და ახალი ტურისტული პროდუქტი "ღვინის გზა“.
ამასთან, გამოცხადდა კონკურსი კახეთის რეგიონული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.gnta.ge . განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი.