და ისევ ტურიზმი....

 
ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებასაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს შიდა სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო და ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და განვითარების გამყარებას განვითარებად ქვეყნებში, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, გარემოს დაცვისა და კულტურათა დაახლოების გზით.  ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და გონივრული კანონმდებლობის დანერგვა.        
ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება. ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ძლას ტურიზმის განვითარებისთვის.        
ტურიზმის ინდუსტრიის მასშტაბურობას ამტკიცებს ციფრებიც, კერძოდ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიო საერთო შემოსავლებიდან ერთ ტრილიონამდე დოლარს სწორედ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 900 მილიონს აღემატებოდა. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ტურისტთა ზრდის ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნებში შემოსავლების აკუმულირებას და ცხოვრების დონის ზრდას.      
ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს: - განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნედლეული, თუმცა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;      
- ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას,  კვების მრეწველობას, ახდენს შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;        
- ტურიზმის ხელშემწყობი პოლიტიკა მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც მოიცავს გზებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, რაც ასევე ამცირებს უმუშევრობას და ზრდის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში;        
- ორიენტირება ტურიზმის განვითარებაზე მოითხოვს  ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ისტორიული, რელიგიური და არქეოლოგიური ძეგლების დაცვასა და მოფრთხილებას, ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციების, ხელოვნებისა და სამზარეულოს დაცვასა და შენარჩუნებას;      
- ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი  პროდუქტის რეალიზაცია;        
- ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობის ზრდა ახდენს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს უწყობს  ერების დაახლოებას და მათ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას.        
ტურიზმის განვითარებას უამრავ უპირატესობასთან ერთად თან ახლავს გარკვეული უარყოფითი მხარეებიც, ისეთები, როგორებიცაა: დაავადებების გავრცელება და ტერორიზმის საფრთხე. ასევე, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორი დაინტერესებული იყოს მხოლოდ მოგების მიღებით მოკლევადიან პერიოდში და არ ითვალისწინებდეს ქვეყნის გრძელვადიანი მყარი განვითარების ინტერესს. ასეთი მიდგომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული  მონიტორინგის დაწესება ტურიზმის, განსაკუთრებით კი ეკოტურიზმის სფეროში განხორციელებულ ინვესტიციებზე. ტურიზმის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაძაბული და არასტაბილური მდგომარეობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის მეზობელ ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის არის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებას იმის შესახებ თუ რა სტანდარტები და მოთხოვნებია თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორია ტენდენციები და მომავლის პერსპექტივები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტურისტების მომსახურება. ადამიანებმა, რომლებიც ფლობენ საოჯახო თუ დიდ სასტუმროებს და განკარგავენ სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებს, უნდა იცოდნენ კულტურული განსხვავებულობის ასპექტები, რათა გააუმჯობესონ ტურისტების მომსახურება და ზუსტად განსაზღვრონ ის მიმართულებები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მათ ბიზნესს. ამ მიზნით შესაძლებელია კონსულტანტების მოწვევა განვითარებული ტურიზმის მქონე ქვეყნებიდან.        
ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგეს ეკოტურიზმი. ეკოტურისტების ინტერესის სფეროა ველური ბუნება, სხვადასხვა სახის ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები და მეცნიერული დაკვირვებები ბუნებაზე. ეკოტურიზმის განვითარების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ იგი უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ურთიერთდაკავშირებულ განვითარებას და ქმნის დამატებით სამუშაოს იმ ადგილებში, სადაც მოგზაურობენ ეკოტურისტები.        
ეკოტურიზმის განვითარებაში საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო ჩართულობის უზრუნველყოფა, საჭიროა მათი სწავლება, სუბსიდირება და მცირე ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა. ეკოტურიზმი ქმნის ადგილობრივთათვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ეს ეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.       შეიძლება გამოიყოს ეკოტურიზმის სხვა უპირატესობებიც, კერძოდ:        
- ეკოტურიზმი არ ახდენს რესურსების დეგრადაციას და ზიანს არ აყენებს ბუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეკოტურისტებს აინტერესებთ ესა თუ ის  ბუნებრივი გარემო იმ სახით, როგორითაც ის არსებობს და არ მოელიან მის ცვლილებას;        
- ეკოტურიზმი ხელს უწყობს დადებითი ეთიკისა და ქცევების ჩამოყალიბებას ბუნებასთან მიმართებაში;      
- ეკოტურიზმის სფეროს მონაწილეებმა უნდა განავითარონ ისეთი მომსახურება და შეთავაზებები, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ ტურისტული ბაზრის მოთხოვნებთან და მიიზიდონ მოგზაურები. აქ განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო თავისი მხარდამჭერი პოლიტიკით, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის მოწყობას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინვესტორების მოძიებას. ამ მიმართულებით სახელმწიფოს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ფინანსურად მომგებიანი ეკოტურიზმის ინდუსტრიის ჩამოყალიბება ბუნებრივი გარემოს დაცვისა და გაუმჯობესების პირობებში.        
უკანასკნელ წლებში შეინიშნება ეკოტურისტების რაოდენობის ზრდა განვითარებად ქვეყნებში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ქვეყნების განვითარებას.       ეკოტურისტებად, როგორც წესი, გვევლინებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან: მეცნიერები, მკვლევარები, საგანმანათლებლო ტურების ორგანიზატორები. ასევე, ადამიანები, რომელთაც სურთ გაეცნონ ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივ და კულტურულ გარემოსა და ისტორიას, იმოგზაურონ დაცულ ტერიტორიებში და ა.შ.        
ტურიზმის უნდუსტრიის მნიშვნელოვანი სფეროა შიდა ტურიზმი, რომელსაც თან ახლავს სერიოზული  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი. შიდა ტურიზმის განვითარება ასევე ხელს უწყობს სამუშაო ადგილების ზრდასა და ბიზნესის განვითარებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ვიდრე საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტდეს, უკეთ გაეცნოს თავის ბუნებას, კულტურასა და ისტორიას და საკუთარ ქვეყანაში დახარჯოს იმ თანხის ნაწილი, რისი დახარჯვაც განზრახული  ქონდა საზღვარგარეთ.      
შიდა ტურიზმის მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობაა საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება, რადგანაც, მოსახლეობის მიერ საკუთარი სახსრების ხარჯვა მათსავე ქვეყანაში ამცირებს ქვეყნიდან გასული ვალუტის ოდენობას.        
განვითარებადი ქვეყნების ტურიზმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს რეკლამა. ტურიზმის გლობალური ბაზარი ძალზედ კონკურენტულია, ამიტომ,  საჭიროა მუდმივი მუშაობა საკუთარი ქვეყნის უპირატესობების დემონსტრაციაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მსოფლიოს წამყვანი ტელეარხების ეთერის გამოყენება, რომელთაც მილიონობით მაყურებელი ყავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ არხებზე სხვადასხვა სარეკლამო რგოლებისა თუ დოკუმენტური ფილმების  განთავსების მიზანია მსოფლიოსთვის იმის ჩვენება თუ რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას და რატომ იქნება ამ ქვეყანაში სტუმრობა საინტერესო. ასეთი გადაცემები ასევე ახდენენ პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას. მსოფლიოსთვის საკუთარი ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა სპორტული თუ მუსიკალური ღონისძიებების ჩატარება.